მდინარაძე ზურაბიშვილზე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების დროს ეხმარებოდნენ, რაც სწორი არ იყო.

რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ ამ შეკითხვას უპასუხა.

„ქალბატონი სალომეს მაგივრად წინასწარ როგორ ვილაპარაკო, როდესაც ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, საბოლოო ჯამში, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა.

სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს. უფრო ადრე, ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იზიარებს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.